
ლექციასა და ტრენინგს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება მიზნის, ფორმატის, მონაწილეთა როლისა და შეფასების მიმართულებით. ლექციასა და ტრენინგს შორის განსხვავების მკაფიოდ დანახვა საშუალებას მოგცემს ობიექტურად შეაფასო და არგუმენტირებულად დააფასო საკუთარი შრომა.
ლექცია სწავლების ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. კლასიკური გაგებით, ის სწავლების აუდიტორულ, მოსმენაზე ორიენტირებულ საშუალებად ითვლება. მართლაც, იმ უძველეს დროში, როდესაც პლატონი ასწავლიდა არისტოტელეს, მას არც კომპიუტერი ჰქონდა, არც პროექტორი და არც ინტერნეტი. უფრო მეტიც, ნაბეჭდი წიგნიც კი არ ჰქონდა, რომ საკითხავი მასალა მიეცა, ან ილუსტრაციები ეჩვენებინა მოსწავლეებისთვის. ედგარ დალეს მიხედვით კი, ლექცია სწავლების მეთოდების პირამიდის წვერშია და მის დროს, მსმენელი იმახსოვრებს მოსმენილი ინფორმაციის მხოლოდ 5%-ს. ამიტომაც, თანამედროვე სწავლებაში, თითქმის ყველა მასწავლებელი ცდილობს ლექცია გაამრავალფეროვნოს ინტერაქტიული სწავლების ისეთი მეთოდებით როგორიცაა, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშოები, როლური თამაშები და ა.შ. ამ შემთხვევაში, სიტყვა ლექციის ნაცვლად იყენებენ ისეთ განმარტებას, როგორიცაა – ინტერაქტიული ლექცია ან ტრენინგი.
ალბათ უკვე მიხვდი, რომ ტრენინგი სხვა არაფერია თუ არა ლექციის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომლის დროსაც მასწავლებელი გარდა ინფორმაციის თხრობითი ფორმით გადაცემისა, იყენებს ასევე ინტერაქტიული სწავლების მეთოდებს.
ეს განსხვავებები ხელოვნურმა ინტელექტმა შემდეგნაირად შეაჯამა:
ლექცია ერთმხრივი კომუნიკაციაა, სადაც ლექტორი თხრობითი ფორმით გადასცემს ინფორმაციას მსმენელებს. აქცენტი კეთდება თეორიულ მასალაზე, ცოდნის გაზიარებასა და ფაქტების წარმოდგენაზე. მაგალითად, პროფესორი კითხულობს ლექციას საქართველოს ისტორიის შესახებ.
ტრენინგი ორმხრივი პროცესია, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. ტრენერი არა მხოლოდ გადასცემს ინფორმაციას, არამედ ქმნის გარემოს, სადაც მონაწილეებს აქვთ საშუალება დამოუკიდებლად გამოიყენონ მიღებული ცოდნა, გააანალიზონ სხვადასხვა სიტუაციები და გაიუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები. მაგალითად, კომპანია ატარებს თანამშრომელთა ტრენინგს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის შესახებ.
ქვემოთ, ცხრილის ფორმით არის მოცემული ლექციისა და ტრენინგის შედარება:
რომელია უკეთესი?
თუ გსურს მიიღო ფართო ინფორმაცია რომელიმე კონკრეტულ თემაზე, ლექცია შეიძლება იყოს შესანიშნავი არჩევანი. ხოლო, თუ გსურს გაიუმჯობესო კონკრეტული უნარ-ჩვევა ან/და გამოიყენო მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, ტრენინგის გავლაა მიზანშეწონილი. ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელსაც ხშირად მიმართავენ, ესაა ლექციისა და ტრენინგის კომბინაცია.